facebook
youtube
mail

სიახლეები

17.03.2026

ჯიღაურაში ლურჯი მოცვის ბაღების მონიტორინგისა და მართვის პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე პროექტის „ლურჯი მოცვის ბაღების მონიტორინგი და მართვა საქართველოს პირობებში“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. მონაწილეები პროექტის შედეგებს და ფერმერებისთვის მომზადებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებს გაეცნენ.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ცენტრის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და პროექტში ჩართული მკვლევრები ესწრებოდნენ.

„ლურჯი მოცვის წარმოება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და სწრაფად მზარდი მიმართულებაა. შესაბამისად, ფერმერებისთვის მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვით დავეხმაროთ მწარმოებლებს ბაღების ეფექტიან მართვასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებაში“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევები განხორციელდა დასავლეთ საქართველოს მოცვის წარმოების ძირითად რეგიონებში - გურიის, სამეგრელოს, აჭარისა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში. კვლევის პროცესში განხორციელდა აგრობიოცენოლოგიური მონიტორინგი, მავნე ორგანიზმების იდენტიფიცირება და მათი გავრცელების შეფასება, ასევე ნიადაგის ძირითადი აგროქიმიური მაჩვენებლების pH-ის, ორგანული ნივთიერებების შემცველობისა და საკვები ელემენტების კვლევა.

პროექტის ფარგლებში დეტალურად იქნა შესწავლილი ლურჯი მოცვის ბაღების ფიტოსანიტარიული მდგომარეობა და ნიადაგის ნაყოფიერება. კვლევის შედეგად იდენტიფიცირდა ეკონომიკური მნიშვნელობის მავნე ორგანიზმები, შეფასდა მათი გავრცელების არეალი და შემუშავდა მართვის ეფექტიანი სქემები.

„ჩვენ მიერ მომზადებული პრაქტიკული რეკომენდაციები და მავნებლებთან ბრძოლის ოპტიმიზებული სქემები ფერმერებს ბაღების სწორად მართვაში დაეხმარება. ეს ცოდნა მათ საშუალებას მისცემს, მინიმალური დანახარჯებით მიიღონ მაქსიმალურად ხარისხიანი და უსაფრთხო მოსავალი“, - აღნიშნა მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა და პროექტის ხელმძღვანელმა ლალი წივილაშვილმა.

კვლევის შედეგების საფუძველზე შეირჩა მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალებები და მომზადდა პრაქტიკული რეკომენდაციები ფერმერებისთვის. პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მიღებული შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოში ლურჯი მოცვის ბაღების ეფექტიან მართვას, მცენარეთა დაცვის ღონისძიებების ოპტიმიზაციას, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და მოსავლიანობის ზრდას.