სიახლეები
16.06.2015
ხორბლის სათესლე ნაკვეთების საველე ინსპექტირება
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერთიფიცირების კვლევის სამსახურის სპეციალისტებმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებმა თესლის მწარმოებელ ფერმერთა ნათესების საველე ინსპექტირება დაიწყეს.საქართველოში სათესლე და სარგავი მასალის სერთიფიცირების სისტემის დანერგვის პროგრამის ფარგლებში საველე ინსპექტირება მარნეულის მუნიციპალიტეტში, შპს „ლომთაგორას“ კუთვნილ ხორბლის სხვადასხვა ჯიშის საბაზისო და წინასაბაზისო სათესლე ნაკვეთებზე განხორციელდა.
კვლევითი ცენტრის წამყვანმა სპეციალისტებმა, აღნიშნული ინსპექტირება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საერთაშორისოდ აღიარებული მეთესლეობის სქემის შესაბამისად განახორციელეს და სათესლე ნაკვეთების ჯიშობრივი სიწმინდის ასამაღლებლად კონკრეტული ღონისძიებები დაგეგმეს. ნათესების ჯიშობრივი გასუფთავების შედეგად მიღებული პროდუქტი შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი წინაპირობაა ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების“ შესასრულებლად.
კვლევითი ცენტრის სპეციალისტებისა და FAO-ს ექსპეტების ინიციატივით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში თესლის მწარმოებელ ფერმერთა ნაკვეთებზე ერთობლივი საველე ინსპექტირება მუდმივ რეჟიმში განხორციელდება.
პარალელურად, ცენტრის სპეციალისტები მუშაობენ მეწარმეთა რეგისტრაციისა და გასავრცელებლად დაშვებული ჯიშების ელექტრონული კატალოგის შესაქმნელად საჭირო მონაცემების მოძიებაზე.