facebook
youtube
mail

სიახლეები

20.12.2016

საქართველოში აკვაკულტურის განვითარებაში ქართველ სპეციალისტებს ფინელი კოლეგები დაეხმარებიან

საქართველოში მეთევზეობისა და აკვაკულტურის განვითარების კუთხით ქართველ მეცნიერებს ფინეთის რესპუბლიკის ლივიას უნივერსიტეტის კოლეგები დაეხმარებიან. აღნიშნული შეთანხმება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ფინეთის ლივიას უნივერსიტეტის პროფესორებს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

შეხვდრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მეთევზეობისა და აკვაკულტურის განვითარების კუთხით დიდი პოტენციალი აქვს. ფინეთი კი, ამ მიმართულებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. შესაბამისად, ფინეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველ ეტაპზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ფინელ კოლეგებს მეთევზეობაში არსებულ პრობლემებს გააცნობენ და მათი გადაჭრისთვის, ფინური მხარისგან სამეცნიერო მასალებს მიიღებენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამეცნიერო მასალები ქართველ სპეციალისტებს მოსახლეობისთვის კონსულტაციების გაწევის პროცესშიც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში თევზსაშენის მშენებლობისა და მისი მოვლის საკითხები, ასევე თევზის დაავადებებთან ბრძოლის მეთოდოლოგიები განიხილეს.