სიახლეები
29.12.2016
თურქეთსა და საქართველოს შორის აგროსატყეო მიმართულებით თანამშრომლობა გაღრმავდება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის სპეციალისტები სამუშაო ვიზიტით თურქეთში, ქალაქ იზმიტში იმყოფებოდნენ და ვერხვისა და ტყის სწრაფად მზარდი სახეობების კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელ პირებს და მკვლევარებს შეხვდნენ.შეხვედრაზე ტყის სწრაფად მზარდი სახეობების საქართველოში დანერგვის, მოვლისა და გაშენების საკითხები განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართველი სპეციალისტები ამ მიმართულებით თურქი კოლეგების გამოცდილებას გაიზიარებენ და მომავალში ერთობლივ კვლევებს განახორციელებენ.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ განხორციელდება ერთობლივი პროექტები, რომლის ფარგლებში მხარეები გაცვლიან ვერხვების გენეტიკურ მასალას და ჯიღაურას საკოლექციო ნაკვეთზე ვერხვის ახალი სწრაფმზარდი ფორმების ადაპტაციაზე კვლევები ჩატარდება.
ვიზიტის ფარგლებში, ქართველმა მკვლევარებმა თურქეთში ვერხვის სხვადასხვა სწრაფმზარდი კლონებისგან გაშენებული პლანტაციები დაათვალიერეს და მათი გაშენების ტექნოლოგიას გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ თურქეთი აგროსატყეო მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა, სადაც ათზე მეტი სატყეო ინსტიტუტი ფუნქციონირებს. ცენტრალური და რეგიონული ინსტიტუტების სპეციალისტები კვლევებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.