სიახლეები
25.01.2017
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ნერგების მწარმოებელ ესპანურ კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ნერგების მწარმოებელ ესპანურ კომპანიასთან „La Encina“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ესპანეთიდან საქართველოში ხეხილოვანი, სუბტროპიკული და აგროსატყეო კულტურების ახალი ჯიშების შემოტანა მოხდება. ჯიშები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზებზე განთავსდება, სადაც მოხდება მათი შესწავლა და შემდგომ ფერმერულ მეურნეობებში გავრცელება.მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ესპანურ კომპანიასა და საქართველოს სანერგე მეურნეობებს შორის სამეცნიერო-პრაქტიკული თანამშრომლობა, ერთობლივი სანერგეების შექმნა, ფერმერების ხარისხიანი ნერგით უზრუნველყოფა, ასევე, ქართველი სპეციალისტების სტაჟირება ესპანეთის სანერგე კომპანიებში და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარება.
„მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი ნერგების მწარმოებელი ესპანური კომპანია საქართველოში სანერგე მეურნეობის მოწყობას გეგმავს. მოგეხსენებათ, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით უკვე გაშენდა და შენდება ხეხილის ბაღები. გამოყენებული ნერგების დიდი ნაწილი იმპორტირებულია. სანერგე მეურნეობის პროგრამა, რომლის განხორციელებასც ჩვენი ესპანელი კოლეგები აპირებენ მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს ადგილობრივი, სტანდარტული ნერგებით ჩვენი ფერმერების ურუნველყოფას“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
როგორც ესპანური კომპანიის „La Encina” პრეზიდენტმა, ხაურეს ფერერიმ აღნიშნა, ესპანური მხარე დაინტერესებულია ქართული ბაზრით და სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობით.
„საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს ნერგები საქართველოში ვაწარმოოთ და შემდეგ მივაწოდოთ მომხმარებელს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გავიტანოთ ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში და ევროპაში“, - აღნიშნა კომპანია „La Encina” პრეზიდენტმა.
საქართვლოში ვიზიტის ფარგლებში, ესპანური კოპანიის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზები დაათვალიერეს და ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.