facebook
youtube
mail

სიახლეები

09.02.2017

ლევან უჯმაჯურიძე FAO-ს მე-16 სესიას დაესწრო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მე-16 რეგულარულ სესიას დაესწრო, რომელიც FAO-ს სათაო ოფისში, იტალიაში, ქალაქ რომში გაიმართა. სესიას FAO-ს წევრი 178 სახელმწიფოს და ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე 2016 წლიდან FAO-ს გენეტიკური რესურსების დაცვის კუთხით კოორდინატორია საქართველოდან.

სესიის დაწყებმადე გაიმართა სპეციალური ღონისძიება - „ბიომრავალფეროვნების როლი სურსათის წარმოებასა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის“.

FAO-ს მე-16 რეგულარული სესია ფოკუსირებული იყო მცენარეთა, ტყის, ცხოველთა მიკროორგანიზმთა და უხერხემლოთა გენეტიკური რესურსების, აგრეთვე წყლისა და ნიადაგური რესურსების დაცვა-განვითარებაზე. სურსათის წარმოების და სოფლის მეურნეობის გენეტიკური რესურსების კომისიამ, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ იკრიბება, სესიაზე გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც წევრ და დამკვირვებელ ქვეყნებს რეკომენდაციის სახით გადაეცათ. FAO-ში შეიქმნა ახალი - „კლიმატის ბიომრავალფეროვნების, მიწისა და წყლის რესურსების დეპარტამენტი“, რაც გენეტიკური რესურსების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

მე-16 რეგულარულ სესიაზე, რომლის მთავარი თემა სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის გენეტიკური რესურსები იყო, მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შემდეგი მიმართულებით:

• კლიმატის ცვლილებების ეროვნულ პროგრამებში გასათვალისწინებელი გენეტიკური მრავალფეროვნების თემატიკები;
• მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკურ რესურსებზე კლიმატის ცვლილებების გავლენის გლობალური შეფასება და ამ გავლენის შერბილება და ადაპტაცია;
• ურთიერთობების გამყარება ჯიშების შენარჩუნების, ბუნების დაცვის და მდგრადი განვითარების ფაქტორებს შორის;
• მთავრობების მიერ საკმაო რესურსების გამოყოფა გენეტიკური ბანკების, in situ და ex situ კოლექციების მოწყობისა და ნიმუშების რეგენერაციისათვის და საკითხი FAO-მ აიყვანოს კონტროლზე;
• ქვეყნების დახმარება მეთესლეობის პოლიტიკის შემუშავების და სრულყოფისათვის;
• სრულყოფა ეროვნული პოლიტიკის, სტრატეგიის და მოქმედების პროგრამის ცხოველთა გენეტიკურ რესურსებზე, უზრუნველყოფა ცხოველთა გენეტიკური რესურსების დაცვის და ჯიშური ეროზიის თავიდან აცილების მექანიზმების.
• ბუნებრივი რესურსების შემცირებაზე ყურადღების გამახვილება და შესაბამისად სრულყოფა მიწის გამოყენების დაგეგმვის, საკვებწარმოების და ადგილობრივი შეგუებული ჯიშების გამრავლების საკითხების სანაშენე ბირთვების შექმნის გზით.
• გენეტიკური რესურსების ერთიანი ელოქტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელიც რეგიონების მიხედვით გაერთიანდება და საბოლოოდ, მსოფლიო გენეტიკური რესურსების მონაცემთა ბაზად ჩამოყალიბდება.

კომისიამ მიიღო დოკუმენტი კულტურული მცენარეების ველური წინაპრების, ასევე სასარგებლო მწერებისა და მიკროორგანიზმების გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნების შესახებ.

სესიაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ გენეტიკური რესურსების დაცვა ყველა ქვეყნის მისიაა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს და ქვეყნის ეროვნული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს. ასევე ხაზი გაესვა გენეტიკური რესურსების დაცვის საქმეში ახალგაზრდების ჩართულობას და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.

სესიაზე ქვეყნებში მეთესლეობის პროგრამების მხარდაჭერას და მეთესლეობის სისტემების რეაბილიტაციას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ყველა ქვეყანას, მათ შორის განვითარებად ქვეყნებს, მეთესლეობის სტაბილური ინსტიტუციონალური პროგრამების ჩამოყალიბებაში დახმარება აღუთქვა.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად ახორციელებს პროექტს - მარცვლეული კულტურების თესლის სერტიფიცირება, რომლის ფარგლებშიც 2020 წლამდე უფასოდ განხორცილდება მარცვლეული კულტურების სერტიფიცირების პროცედურები, რაც ფერმერებს გენეტიკურად სუფთა სათესლე მასალით და მაღალხარისხიანი მოსავლის მიღების გარანტიით უზრუნველყოფს. ამავე დროს სერტიფიცირებული სისტემის შემოღება ბაზარს ფალსიფიცირებული პროდუქციისგან დაიცავს.

მე-16 რეგულარული სესიის ფარგლებში მომზადდება ორი გლობალური შეფასება: ბიომრავალფეროვნების და წყლის გენეტიკური რესურსების მდგომარეობა მსოფლიოში სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში.