სიახლეები
03.03.2017
ჯიღაურას ბაზაზე ფერმერებისთვის სემინარი ჩატარდა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის სპეციალისტებმა ჯიღაურას ბაზაზე ფერმერებისთვის სემინარი თემაზე „კახეთის მცირედ გავრცელებული, იშვიათი ჯიშებისა და ინტროდუცირებული სასუფრე მიმართულების ვაზის ჯიშების კვლევის შედეგები, ჯიშური თავისებურებები და სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლები“ ჩაატარეს.სემინარის ფარგლებში, კახეთის რეგიონის იშვიათი სასუფრე და საღვინე მიმართულების 8 ჯიშის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა, ფენოლოგია, ზრდის სიძლიერე, ვაზის მავნებლები, მოსავლიანობა, თითოეული ჯიშის ქიმიური მაჩვენებლები (საერთო შაქრიანობა და მჟავიანობა), ასევე, საზღვარგარეთიდან შემოტანილი და ქართულ კლიმატში ადაპტირებული ვაზის ჯიშების თავისებურებები განიხილეს.
სემინარის მონაწილეებმა ჯიღაურას სამეურნეო ბაზა დაათვალიერეს და ვენახის მოვლისა და ფორმირების პირობებს გაეცნენ. სემინარს 20-მდე ფერმერი და მოყვარული მევენახე ესწრებოდა, რომელთა შერჩევაც ღია კონკურსის წესით მოხდა. მსურველთა მოთხოვნის საფუძველზე, ჯიღაუარას ბაზაზე კვლავ ჩატარდება სემინარები ვაზის სხვადასხვა იშვიათი ჯიშის გაცნობის თემაზე.