facebook
youtube
mail

სიახლეები

15.03.2017

პალმის ცხიმთან დაკავშირებული რისკის მართვის ალტერნატიული რეკომენდაციები განიხილეს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა რისკის შეფასების დამოუკიდებელი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დასკვნა „პალმის ცხიმთან დაკავშირებული პოტენციური რისკის შეფასება“ განიხილეს და რისკის მართვის ალტერნატიული ღონისძიებების რეკომენდაციების პროექტი შეიმუშავეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურმა მხარეებს განსახილველად გააცნო პალმის ცხიმთან ასოცირებული რისკის მართვის ღონისძიებების თაობაზე მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. რისკის შეფასების სამსახურის რეკომენდაციების გათვალისწინებით, აუცილებელია Codex Alimentarius-ის სტანდარტების საფუძველზე შემუშავდეს ტექნიკური რეგლამენტი მცენარეული ზეთებისთვის, სახელმწიფო მონიტორინგისა და საბაჟო კონტროლის ფარგლებში პალმის ცხიმის კვლევის სიხშირისა და პარამეტრების შემუშავება, პალმის ცხიმის შემცველობის ნიშანდება სურსათზე, ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებზე, გარდა ეტიკეტირების ზოგადი წესებისა, დამატებით მიეთითოს „გამოყენებულია ბეტა პალმიტინის მჟავა“. რისკის შეფასების სამსახურის თანამშრომლები პალმის ზეთთან მიმართებაში მნიშვნელოვნად მიიჩნევენ მოსახლეობას განემარტოს პალმის ცხიმში არსებული ცხიმოვანი მჟავების შემცველობის სპეციფიკურობა და ის რისკები, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს რაციონში ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების ჭარბი რაოდენობის გამოყენებას.

რისკის შეფასების სამსახურის რეკომენდაციები განსახილველად უკვე გადაეგზავნათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ფინანსთა სამინისტროებს.