facebook
youtube
mail

სიახლეები

23.03.2017

გარდაბანში მსოფლიო მეცხოველეობის დღე აღინიშნა

მსოფლიო მეცხოველეობის დღის აღსანიშნავად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, დუნიამალ გაჯიევი ფერმერებს შეხვდნენ.

გარდაბნის გამგეობის შენობაში გამართულ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მეცხოველეობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„მეცხოველეობის დარგი საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგია და ამ მიმართულების განვითარების ხელშეწყობისთვის სახელმწიფო არაერთ პროექტს ახორციელებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერებამდე მივიტანოთ ინფორმაცია ყველა იმ სიახლისა და აქტივობის შესახებ, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებში არსებობს. ფერმერებთან გამართული დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მოძიებიულია და აღდგენილია ადგილობრივი ქართული ჯიშები, რომლებიც ფერმერულ მეურნეობებში გავრცელდება.

„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მეცხოველეობის განვითარებისთვის მრავალპროფილურ აქტივობებს ახორციელებს. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტების მიერ მოძიებულია და სოფელ თელეთში სანაშენე ფერმაში განთავსებულია, როგორც ხევსურული ძროხის ადგილობრივი პოპულაციები, ასევე კახური ღორის, ფრინველის სხვადასხვა ჯიშ-პოპულაციები და ქართული ცხვრის თუშური და იმერული პოპულაციები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ ჯიშების ხალასად მოშენება, იმდენად, რამდენადაც ასეთი წესით მოშენებული ჯიშები მაღალპროდუქტიულია და საქართველოს გარემო პირობებთან შეგუებული, რაც საერთო ჯამში პროდუქტიულობის ამაღლების მეტ საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფერმერებისთვის სემინარი ჩაატარეს და დეტალურად ისაუბრეს მეძროხეობის, მეფრინველეობის, მეაბრეშუმეობის, ვეტერინარიის და მეთევზეობის დარგის განვითრების პოტენციალზე, არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე.

როგორც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა აღნიშნა, ფერმერებისთვის ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაცია, რადგან რეგიონში იგეგმება ახალი პროექტები და ინვესტიციები, რომლეთა მიზნობრიობაც სწორად უნდა იყოს განსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მეცხოველეობის დარგში აქტიურად 400 000-მდე ფერმერია ჩართული, ქვემო ქართლი კი, მეცხოველეობის განვითარების კუთხით ერთ-ერთი მოწინავე რეგიონია.