სიახლეები
30.03.2017
დაავადებებისა და გვალვისადმი გამძლე კარტოფილის კლონები გამოცდის ეტაპზეა

კარტოფილის უვირუსო, სუპერ ელიტური ხარისხის (SSSE კატეგორია) სათესლე მასალის მიღების მიზნით, 8000-ზე მეტი მიკრომცენარე სინჯარიდან ორანჟერეაში გადაირგა; შემდეგ ეტაპზე მათი გამოცდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოხდება, ადგილობრივ პირობებთან კარგად ადაპტირებული კლონების გამოსავლენად. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მეთოდიკის შესაბამისად, ორანჟერეის პირობებში, მცენარეთა ზრდა-განვითარებაზე აღრიცხვები ტარდება, მიღებული მონაცემები კი ერთიან საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში (Highly Interactive Data Analysis Platform) შედის.
აღსანიშნავია, რომ კარტოფილის კულტურის პარალელურად, კვლევა წარმოებს მრავალწლოვანი კულტურების (კურკოვანი კულტურების კლონური საძირეები, კენკროვანი კულტურები, სამკურნალო მცენარე - გოჯი ბერი, დეკორატიული მცენარეები, ვაზის იშვიათი ჯიშები) ინ ვიტრო გამრავლების და უვირუსო სარგავი მასალის მიღების ეფექტიანი ტექნოლოგიის შემუშავება-დახვეწის მიმართულებით.