სიახლეები
08.04.2017
გამწვანების აქცია რუსთავში
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ქალაქ რუსთავში გამწვანების მასშტაბურ აქციაში ჩაერთო, რომლის მიზანიც ქარსაცავი ზოლის შექმნაა.გამწვანების აქციის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნოდარ ხატიაშვილმა, ქალაქ რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და რუსთავის საკრებულოს თავმჯომარემ დავით მაღლაკელიძემ, საკვირაო სკოლის აღსაზრდელებთან ერთად კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში ალვის ხის ჯიშის 500-მდე ახალი ნერგი დარგეს. ალვის ხის ნერგები ქალაქ რუსთავს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჯიღაურას საკოლექციო-სადემონსტრაციო ბაზიდან გადასცა.
„ქარსაცავი ზოლის საკითხი ძალიან მწვავედ დგას ქვეყანაში, ამაზე მუშაობს შესაბამისი სტრუქტურები, მათ შორის ჩვენი სამინისტრო. ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ დღეს, 1000 ძირი ალვის ხე გადავეცით რუსთავის მერიას, ასევე თბილისის მერიას გადავცემთ 2000 ძირს. ეს მცირედია, მაგრამ უმნიშვნელოვანესი. ჩვენ სამინისტროში სპეციალურად გვაქვს შექმნილი სამეცნიერო-კვლევით ცენტრში სამსახური, რომელიც მუშაობს სატყეო კულტურებზე, სადაც ხდება ისეთი ჯიშების მოძიება, გამრავლება, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი და კარგად გამოიყენება ქარსაცავ ზოლში“, -აღნიშნა იური ნოზაძემ.