facebook
youtube
mail

სიახლეები

10.04.2017

მეღვინეობა-მევენახეობის კუთხით ჩინეთთან თანამშრომლობა ღრმავდება

საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის მეღვინეობა-მევენახეობის კუთხით თანამშრომლობის გაღმავებისა და ქართული ვაზისა და ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ჩინეთში, ნინსიას პროვინციაში ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები გაშენდება.

აღნიშნულ საკითხზე ნინსიას პროვინციის ღვინის მრეწველობის განვითარების ადმინისტრაციისა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, იური ნოზაძესთან, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ლევან უჯმაჯურიძესთან და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, გიორგი სამანიშვილთან შეხვდრაზე იმსჯელეს. დელეგაციის წევრები ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებით და ქვევრის ღვინის წარმოების საკითხებით დაინტერესდნენ, კახეთის რეგიონში ვენახები დაათვალიერეს და ქართული ღვინის კომპანიებს ესტუმრნენ.

„ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთიდან განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობაში. საქართველოს დიდი გამოცდილება აქვს მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით, სწორედ ამიტომ, ჩინური მხარისთვის საინტერესოა ჩვენი გამოცდილების გაზიარება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო იზრდება ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.

ნინსიას პროვინციის დელეგაციის წარმომადგენლების განცხადებით, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ჩინეთისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ესტუმრნენ, ქართული ვაზის საკოლექციო ვენახი დაათვალიერეს და ქართული ღვინო დააგემოვნეს; ასევე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ენოთეკა, მარანი და ღვინის მუზეუმი მოინახულეს.