სიახლეები
22.06.2015
სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნინსიას მეტყევეობის ინსტიტუტის ნერგების ბიოინჟინერიის მთავარ ლაბორატორიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, ლევან დავითაშვილი და გოჩა ცოფურაშვილი ესწრებოდნენ.აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთის მხრივ, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავებას სოფლის მეურნეობაში მცენარეთა გენეტიკური პლაზმის მოძიება-შეგროვების, მათი დაცვისა და განვითარების საქმეში, მეორეს მხრივ, სატყეო კულტურების, ვაზის გენოფონდის ინტროდუქციის, სელექციის და ჯანსაღი სარგავი მასალის წარმოებას, ასევე სემინარების მოწყობასა და აღნიშნულ სფეროში ერთობლივი ტექნოლოგიური კვლევების მიღწევების დანერგვას. ამავე მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება სასწავლო და საგანმანათლებლო პროექტები როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრის საფეხურებისათვის, ხოლო დოქტორანტებისათვის კი დაგეგმილია აკადემიური-გაცვლითი სამეცნიერო პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს მეცნიერული კვლევის დონის ამაღლებას.
დღეისათვის, მსოფლიო ბაზარზე ნინსიას მეტყევეობის ინსტიტუტი ბიოინჟინერიისა და სხვა ახალი ტექნოლოგიური სქემებით ნერგების წარმოების ერთ-ერთ წარმატებულ უწყებას წარმოადგენს. ინსტიტუტი ორიენტირებულია მცენარეთა ქსოვილის კულტურების, გენეტიკური პლაზმის შეგროვება-გავრცელებისა და ნერგების გამრავლების ახალი ტექნოლოგიური სისტემების დანერგვაზე, ლანდშაფტებისა და მათი დაგეგმარების პროექტების განხორციელებაზე, ბაღის, სატყეო და ვაზის მცენარეთა ჯანსაღი ნერგების წარმოებაზე.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის ჯიღაურას ექსპერიმენტალური ბაზა და გენოფონდი, დააგემოვნეს უნიკალური ჯიშებისაგან წარმოებული ქართული ღვინო და დაგეგმეს პირველი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები.