სიახლეები
05.06.2015
ზუგდიდისა და ხონის მუნიციპალიტეტების თხილის ბაღების დათვალიერება
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვისა და ნიადაგის კვლევის სპეციალისტები ზუგდიდისა და ხონის მუნიციპალიტეტებში გასვლით ექსპედიციაში იმყოფებოდნენ.ვიზიტი განხორციელდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოსა და ხონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციოცენტრის მოთხოვნის საფუძველზე, რაც მიზნად ისახავდა რეგიონებში არსებულ თხილის ბაღებში გამოვლენილ დაავადების პრევენციას.
საექსპედიციო ჯგუფმა დათვალიერების შედეგად თხილის ბაღებში გამოავლინა არსებული ფიტოსანიტარული მდგომარეობა, დაადგინა მისი გამომწვევი მიზეზები და დასახა აგროტექნიკური ღონისძიებები.
ვიზიტის ფარგლებში კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა 50-მდე ადგილობრივ მსხვილ და საშუალო ფერმერს, თხილის გადამამუშავებელი ქარხნების ტექნოლოგებს, რაიონული მმართველობის ორგანოებსა და საკრებულოს წარმომადგენლებს საინფორმაციო სემინარი ჩაუტარეს. შეხვედრაზე დარიგდა საინფორმაციო მასალა, რომელიც შეიცავდა თხილის პლანტაციებში შექმნილი ფიტოსანიტარული მდგომარეობის ანალიზს, გაიცა კონსულტაციები და წარმოდგენილ იქნა პრევენციული ფენოკალენდარული სქემა, სადაც რეკომენდირებულია მცენარეთა დაცვის უახლესი საშუალებები, მათ შორის ბიოპესტიციდები.