სიახლეები
25.06.2015
მინისტრი წილკანში სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე იმყოფებოდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე წილკნის ბაზაზე, სამეცნიერო-კვლევითი და ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე საშემოდგომო და საგაზაფხულო მარცვლეულის, ბოსტნეულ-ბაღჩეულის, მარცვლეული კულტურების (ხორბალი, ქერი, შვრია, ფეტვი, სიმინდი, ღომი, სოია, ბარდა, ცერცვი, მუხუდო, ოსპი, სელი, ცულისპირა, იონჯა, კოინდარი, სამყურა ესპარცეტი), ასევე სხვადასხვა ჰიბრიდული ჯიშების წარმოება/გამოცდა მიმდინარეობს.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა სათბურ-ორანჟერიები, ვირუსოლოგიის და ქსოვილის კულტურის In-vitro ლაბორატორია დაათვალიერა და ნიადაგისა და დნმ-ის ლაბორატორიების სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. ოთარ დანელია ბაზაზე დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა. კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო სამსახურის წარმომადგენლებმა მინისტრს კაკლოვანი და ხეხილოვანი კულტურების ნაყოფის ამღბი ახალი მოწყობილობის მუშაობის მექანიზმი გააცნეს.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ცენტრის მიერ შესრულებული სამუშაოების ანგარიში მინისტრს პრეზენტაციის სახით წარუდგინა. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოებაზე, ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების, ასევე ახალი პროექტის ფარგლებში სატყეო და ქარსაცავ ჯიშთა გამოცდის შედეგებზე. განიხილეს ქვეყანაში იმპორტირებულ სასურსათო პროდუქტებში არსებული საფრთხის შემცველი ტრანსიზომერული ცხიმების დარეგულირების სტრატეგია. ცენტრის წარმომადგენლებმა მინისტრს მუნიციპალიტეტებში მოწყობილი სადემონსრაციო ნაკვეთების მონიტორინგის ფენოლოგიური დაკვირვების ანალიზი და შედეგებიც გააცნეს.
ოთარ დანელიამ დადებითად შეაფასა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ შესრულებული სამუშაოები და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.