სიახლეები
20.05.2015
ეროვნული პროფესიული საბჭოს საინფორმაციო სემინარი

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხრიდან სემინარს ესწრებოდნენ ცენტრის დირექტორის მოადგილე ავთანდილ კორახაშვილი და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სპეციალისტი ნათია აგლაძე.
სემინარის მიზანს პროფესიული განათლების პოლიტიკის შემუშავების პროცესში მხარეების ჩართულობის და ეროვნული პროფესიული საბჭოს შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენდა.
ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და UNDP -ის მონაწილეობით (პროფესიული განათლებისა და ექსტენციის ჯგუფი) ამუშავებს ეროვნული პროფესიული საბჭოსათვის წარსადგენად თხილის მწარმოებლის სპეციალობის მოდულის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, საკვალიფიკაციო ჩარჩოში შესატან დოკუმენტსა და სხვ.
მსგავსი ტიპის ინიციატივები ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების ძირითადი ტენდენციების განსაზღვრას და შრომის ბაზრის უზრუნველყოფას მოთხოვნადი პროფესიული კადრებით, მათი წარმატებული დასაქმებისათვის.
საინფორმაციო სემინარზე მხარეებმა პროფესიული განათლების ძირითად ტენდენციებზე, ამ კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. ისინი ასევე გაეცნენ ეროვნული პროფესიული საბჭოების მუშაობის პრაქტიკას სხვა ქვეყნებში, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებმა წარმოადგინეს.