facebook
youtube
mail

სიახლეები

21.04.2017

აგროსატყეო მიმართულებით თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ღრმავდება

საქართველო-თურქეთის ერთობლივი სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, რომელიც ტყის სწრაფად მზარდი სახეობების საქართველოში შესწავლის, მოვლისა და გაშენების საკითხებს მოიცავს, თურქეთის მხარემ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზას ვერხვის (Populus spp) 20 სხვადასხვა სახეობის ახალი პერსპექტიული ფორმა და კლონი გადასცა.

პროექტის ხანგრძლივობა 1 წელი და 6 თვეა. ამ ხნის განმავლობაში ქართულ მხარეს 50-ზე მეტი ვერხვის კლონი გადაეცემა, რომლებსაც ქართველი სპეციალისტები დააკვირდებიან. საქართველოს კლიმატურ პირობებთან მორგებული ვარიანტების გავრცელება კი ფერმერულ მეურნეობებში მოხდება.

ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის ვერხვისა და ტყის სწრაფად მზარდი სახეობების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ერჯან ველიოღლუ და ინსტიტუტის დოქტორი სელდა აკგული სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს და ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის სპეციალისტებს შეხვდნენ და პროექტის დეტალებზე იმსჯელეს.

თურქმა მკვლევარებმა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების წილკნის და მრავალწლოვანი კულტურების ჯიღაურას ბაზები, ასევე სართიჭალის ეროვნული საშენი მეურნეობა დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი აგროსატყეო მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა, სადაც ათზე მეტი სატყეო ინსტიტუტი ფუნქციონირებს.