სიახლეები
31.05.2017
სანერგე მეურნეობების სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის პროცესი მიმდინარეობს

კვალიფიციურობის დადგენის შემდეგ, სანერგე შეძლებს სერტიფიცირების პროცესში ჩართვას, რომელიც ნებაყოფლობითია და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უფასოდ ახორციელებს. სპეციალისტების მიერ ჩატარებული საველე ინსპექტირებისა და ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე დაყრდნობით, სარგავი მასალის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ”, რომელიც მისაღებად საქართველოს პარლამენტშია გადაგზავნილი.
აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას, ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველყოფას და არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების რეგისტრაციასთან, თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, სერტიფიცირებასთან, შენახვასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ საკითხებს.