facebook
youtube
mail

სიახლეები

02.06.2017

საქართველოს პარლამენტმა სავალდებულო სერტიფიცირების შესახებ კანონი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ” დაამტკიცა.

კანონპროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მომზადდა და იგი არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, აღწარმოებასთან, გადამუშავებასთან, შენახვასთან, სერტიფიცირებასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ეროვნული კატალოგი, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული ან/და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდილი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ჩამონათვალს.

კანონპროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების სერტიფიცირება ნებაყოფლობითია, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშებისა.

სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა თესლსა და სარგავ მასალაზე სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, ასევე საერთაშორისი აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი.

2019 წლის პირველ იანვრამდე სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა თესლსა და სარგავი მასალის სერტიფიცირება დაინტერესებულ პირთათვის იქნება უფასო, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან - ფასიანი.

აღნიშნული კანონპროექტი ასევე არეგულირებს სარეალიზაციოდ გამიზნული თესლისა და სარგავი მასალის ეტკეტირების პირობებს და პასუხისმგებლობის ზომებს ამ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის.

სათესლე მასალის სავალდებულო სერტიფიცირების წინა პროცედურები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით 2015 წლიდან დაიწყო.