facebook
youtube
mail

სიახლეები

04.06.2017

დადგენილება სურსათში ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების შემცველობის ნორმის შესახებ ძალაში 2017 წლის 1 აგვისტოდან შედის

სოფლის მეურნეობის სამინისტრის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სტუქტურებმა 2015 წელს განახორციელეს პროექტი „ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გავლენის ალბათობისა და სიმძიმის შეფასება“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შემუშავდა სამეცნიერო დასკვნა და რეკომენდაციები, რის საფუძველზეც მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №262 დადგენილებით განისაზღვრა სურსათში ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების შემცველობის ნორმა (100 გ მცენარეულ ცხიმში არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს, ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათი არ უნდა შეიცავდეს ტრანსცხიმს), რომელიც ძალაში 2017 წლის 1 აგვისტოდან შედის.

სურსათში ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების შემცველობის და მისი მავნე ზეგავლენის განსაზღვრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის და რისკის შეფასების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლები კოპენჰაგენის უნივერსიტეტის კლინიკური ბიოქიმიის დეპარტამენტის ლაბორატორიის უფროსს, დანიის ნუტრიციის საბჭოს ვიცეპრეზიდენტს, სტინ სტენდერს შეხვდნენ და სურსათში ტრანსცხიმების შემცველობის კუთხით არსებული პრობლემები და მისი გადაჭრის გზები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ დანილმა მეცნიერმა, სტინ სტენდერმა ტრანსიზომერული ცხიმის, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის პოტენციური საფრთხის შემცველი ქიმური ნივთიერების უარყოფითი ზეგავლენა შეისწავლა. აღნიშნული მიმართულებით, მას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე არაერთი კვლევა აქვს ჩატარებული. სტინ სტენდერმა საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ტრანსცხიმების შემცველობის დადგენის მიზნით, სურსათის ნიმუშები აიღო. ამ კვლევის შედეგს დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოში სურსათში არსებულ ტრანსცხიმებთან დაკავშირებული რისკების თავიდა აცილების სამომავლო ღონისძიებების განსაზღვრაში.

ვიზიტის ფარგლებში, სტინ სტენდერმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სემინარი გამართა თემაზე - „ინდუსტრიულად წარმოებული ტრანსცხიმის საზიანო ზემოქმედება კარდიოვასკულარულ სისტემაზე და ტრანსცხიმები პოპულარულ სურსათში“.