facebook
youtube
mail

სიახლეები

19.06.2017

თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების პროგრამის განხილვა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, კახეთის რეგიონში, საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის 2 დღიანი სემინარი თემაზე - „თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემა, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები“ გაიმართა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯამჯურიძემ თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებზე, სერტიფიცირების პროგრამის განხორციელებისთვის საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე და კანონზე „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს მოწვეულ ჟურნალისტებს. აღნიშნული კანონპროექტი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მომზადდა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, აღწარმოებასთან, გადამუშავებასთან, შენახვასთან, სერტიფიცირებასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს. კანონი ძალაში 2017 წლის 1 ივნისს შევიდა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერმა, ბექა ძაძამიამ ჟურნალისტებს თესლის სერტიფიცირების მსოფლიო პრაქტიკა და ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნები გააცნო.

სათესლე მასალის სავალდებულო სერტიფიცირების წინა პროცედურები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით 2015 წლიდან მიმდინარეობს.

კანონის თანახმად, შეიქმნება ეროვნული კატალოგი, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული ან/და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდილი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ჩამონათვალს.

სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების სერტიფიცირება ნებაყოფლობითია, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშებისა.

სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა თესლსა და სარგავ მასალაზე სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, ასევე საერთაშორისი აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი.

2019 წლის პირველ იანვრამდე სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა თესლსა და სარგავი მასალის სერტიფიცირება დაინტერესებულ პირთათვის იქნება უფასო.

აღნიშნული კანონპროექტი ასევე არეგულირებს სარეალიზაციოდ გამიზნული თესლისა და სარგავი მასალის ეტკეტირების პირობებს და პასუხისმგებლობის ზომებს ამ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის.