სიახლეები
28.06.2017
ფერმერები ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის საკითხებზე 2 კვირიანი გადამზადების კურსს გადიან

პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 კვირიანი ტრენინგი 400-მა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კი 50-მა ფერმერმა უკვე გაიარა. საქართველოში, რიგით მე-12 ტრენინგი სექტემბერშია დაგეგმილი. მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში ფრემერებმა ონლაინ რეგისტრაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის facebook გვერდზე უნდა გაიარონ.
პროექტის ფარგლებში, ჩინეთის ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მზისა და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური ააშენა, რომელიც სამეცნიერო დანიშნულებისაა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებას და საწარმოო პოტენციალის ზრდას.
ბოსტნეულის წარმოებასთან დაკავშირებით ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2014 წლის 15 იანვარს გაფორმდა. პროექტისათვის 20 მილიონი იუანი (3 მილიონი ამერიკული დოლარი) განისაზღვრა.