სიახლეები
17.07.2017
დედოფლისწყაროში „მინდვრის დღეები 2017“ გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახური ინტენსიური ტიპის ხორბლის ჯიშების შექმნასა და გავრცელებაზე მუშაობს. ამ ეტაპზე გამოყვანილია და გასავრცელებლად შერჩეულია რბილი ხორბლის 8 პერსპექტიული ჯიში.
„მინდვრის დღეები 2017“ ფარგლებში, ფერმერებმა მოსავლის აღებაში უშუალო მონაწილეობა მიიღეს. მათთვის საინტერესო ჯიშის შერჩევის შემთხვევაში, მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახური ფერმერებს სათესლე მასალით უზრუნველყოფს.
სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამოყვანილი ყველა ახალი ჯიში გვალვაგამძლეობით, დაავადებებისა და მავნებლების მიმართ გამძლეობით გამოირჩევა; ვარგისია მექანიზებული აღებისათვის, ხასიათდება მაღალხარისხიანობითა და მაღალმოსავლიანობით. აღსანიშნავია, რომ დედოფლისწყაროს ბაზაზე მოსავლიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ახალმა ჯიშმა „LG-43” (1 ჰექტარზე 5,5 -5,7 ტონა) აჩვენა.
„მინდვრის დღეების 2017“ ფარგლებში, სელექციური ნათესების ამღები კომბაინიც გამოსცადეს, რომელიც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) უსასყიდლოდ გადასცა.