სიახლეები
05.10.2017
პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ პირველი ფაზა სრულდება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ჩინეთის ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად მასშტაბური პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ პირველი ფაზა შეაჯამეს და მეორე ფაზის განხორციელებაზე იმსჯელეს.პროექტის მიზანი საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარება და საწარმოო პოტენციალის ზრდაა, რომლის ფარგლებში, ჩინეთის ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მზისა და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური ააშენა, რომელიც სამეცნიერო დანიშნულებისაა.
„ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ჩინეთის მთავრობას და სავაჭრო პალატას. ბოლო წლებში ჩინეთის რესპუბლიკის მხრიდან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს აგრარული სექტორის განვითარების კუთხით. რის საშუალებას გვაძლევს როგორც ნიადაგური და კლიმატური პირობები, ასევე ქართველი მეცნიერების მიერ გაწეული სამუშაოები. ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად გამოცხადდა. ჩვენ გვჭირდება სხვა ქვეყნების გამოცდილება, რათა სწრაფი ტემპით განვავითაროთ დარგი. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩინეთის მხარესთან ერთად პროექტის მეორე ფაზა კიდევ უფრო წარმატებული იქნება, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ პირველი ფაზა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დამთავრდება. პროექტის მეორე ფაზა მარნეულსა და წყალტუბოს რეგიონებში მზის სათბურების და სამაცივრე მეურნეობის მშენებლობას გულისმობს.
პროექტის ფარგლებში, დახურულ გრუნტში ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის საკითხებზე 500-მდე ფერმერი გადამზადდა, მათ შორის, 80-მდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.