სიახლეები
12.02.2015
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს IDFI-ის ჯილდო გადაეცა
დღეს, 12 თებერვალს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ყველაზე ღია დაწესებულებად დასახელდა.ღონისძიებაზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ინფორმაციის მიღების კუთხით საჯარო უწყებებში არსებული ვითარება და მათი გამჭვირვალობის ხარისხი შეაფასა, რის შემდეგაც 2014 წლის ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები გამოავლინა. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იმ დაწესებულებებს შორის მოხვდა, სადაც ყველაზე ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაციის მოპოვება.
აღსანიშნავია, რომ IDFI საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის ხარისხს 2010 წლიდან აფასებს. 2014 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მათ 308 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნეს განცხადება. სტატისტიკური ანალიზის შედეგად კი ყველაზე ღია დაწესებულებები გამოავლინეს, რომლებსაც ღონისძიებაზე IDFI-ის სპეციალური სიგელები გადაეცათ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ბ-ნი ლევან უჯმაჯურიძე და ცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ქ-ნი მაკა სალხინაშვილი.