სიახლეები
02.11.2017
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გადაწყვეტილებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მავნებლის განადგურების მეთოდებზე მუშაობაში აქტიურად ჩაერთვება.აღნიშნულის საფუძველზე, მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც აზიურ ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შესაძლო შემოყვანის საკითხი უნდა გამოიკვლიოს, ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს და საქართველოს პირობებს მოარგოს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანასეულში, ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში დაიგეგმა ბიოლოგიური ლაბორატორიის მოწყობა, სადაც მეცნიერები აღნიშულ საკითხებზე იმუშავებენ.
სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სპეციალისტები არიან გაერთიანებული და მას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე ხელმძღვანელობს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გურამ ალექსიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ზურაბ ლიპარტია და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.