facebook
youtube
mail

სიახლეები

31.03.2015

ტრენინგი ბოსტნეულის დამყნობის ტექნოლოგიაზე

 სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკანის ბაზაზე, USAID-ის მიერ დაფინანსებული „ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ (SEAS) პროექტის ფარგლებში მოწვეულმა ამერიკელმა ექსპერტმა, დოქტორ მოზბა კუშადმა ტრენინგი ჩაატარა ერთწლოვანი ბოსტნეული კულტურების დამყნობის ტექნოლოგიის შესახებ. 

ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილში, USAID-ის პროგრამის წარმომადგენლებმა ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, წილკანის ბაზაზე სხვადასხვა ბოსტნეული კულტურის ჩითილები დაამყნეს ნიადაგში არსებული დაავადების მიმართ მდგრად საძირეებზე, რომლის სათესლე მასალა ამავე პროგრამით ამერიკის შეერთებული შტატებიდან იქნა შემოტანილი. აღნიშნული ტექნოლოგია საქართველოში ერთგვარი ინოვაციაა, რადგან ამგვარი მეთოდი წარსულში მხოლოდ ხეხილოვან კულტურებზე გამოიყენებოდა. 

ჩითილების დამყნობის ახალი ტექნოლოგია ფუზარიოზით დაავადებულ ნიადაგში ქიმიკატების გარეშე ბოსტენული კულტურების მოყვანის ერთადერთი შესაძლო მეთოდია. აღნიშნული დაავადება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც საგრძნობლად ამცირებს მოსავლიანობას და დიდ ზიანს აყენებს ფერმერებს. ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვის გზით, ფერმერები შეძლებენ მოსავლიანობის გაუმჯობესებას, რაც აღნიშნული დაავადებების მიმართ მცენარის გამძლეობის გაზრდითაა შესაძლებელი. 

USAID-ის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ამ ტრენინგს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებთან ერთად სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა და ქვემო ქართლის, ასევე მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.