ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ექსპერტთა ჯგუფი ჯიღაურას ბაზაზე
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ევროპის
საინვესტიციო ბანკის (EIB) ექსპერტთა ჯგუფი ესტუმრა, რომელიც სამომავლო პოტენციური
პროექტების დაფინანსების მიზნით „საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების
ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზს ახორციელებს“. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა მრავალწლოვანი კულტურების კვლევის
დეპარტამენტის თანამშრომლებთან, სადაც
განხილული იქნა საქართველოს მეხილეობისა და მევენახეობის სექტორებში
არსებული მდგომარეობა და განვითარების
პერსპექტიული მიმართულებები. EIB-ის ექსპერტები დაინტერესდნენ სარგავი მასალის
წარმოების სექტორში არსებული მდგომარეობით და ამ მიმართულებით შესაძლო
ინვესტირებაზე ისაუბრეს.
სტუმრები გაეცნენ
მრავალწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტისა
და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის
მიმდინარე კვლევით საქმიანობებს. მათი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ცენტრის სანერგეებმა,
სადემონსტრაციო და სადედე საკოლექციო ნარგაობებმა.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის და
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB)
წარმომადგენლები შეთანხმდნენ,
რომ საქართველოში აგრობიზნესის
მიმდინარე თავისებურებების შესწავლის მიზნით
მოხდება ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. სამომავლოდ, ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) გეგმავს
განიხილოს სოფლის მეურნეობის
გამოყენებითი კვლევებისა და წარმოების
სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საპროექტო წინადადებები.