facebook
youtube
mail

სიახლეები

02.10.2015

კონფერენცია თემაზე „გეოგრაფიული აღნიშვნები და უკანასკნელი სიაახლები საერთაშორისო ასპარეზზე“

30 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯია”-ში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისა (საქპატენტი) და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „გეოგრაფიული აღნიშვნები: უკანასკნელი სიახლეები საერთაშორისო ასპარეზზე“.
კონფერენციას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქეთევან ლაფერაშვილი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ავთანდილ კორახაშვილი, სურსათისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, „საქპატენტისა“ და ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის ექსპერტები მსოფლიოს 12 ქვეყნიდან, დარგში მოღვაწე საქართველოს წამყვანი სპეციალისტები, მეცნიერები, სხვადასხვა ადგილობრივი ასოციაციებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს 4 ახალი პროდუქტი, რომლებიც ბოლო პერიოდში „საქპატენტის“ მიერ იქნა რეგისტრირებული, კერძოდ: ტყიბულის ჩაი, ახალქალაქის კარტოფილი, მაჭახელას თაფლი და ქუთაისის მწვანილი.
კონფერენციის მიზანს მსმენელებისთვის ადგილწარმოშობის დასახელების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის, პროდუქტისთვის გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მინიჭების, საქართველოში ამ კუთხით არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. კონფერენციაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების კონტროლის სისტემა და მთავრობის ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო გამოცდილებას და ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას.
გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის ყველაზე განვითარებული სისტემა ევროკავშირში გამართულად მოქმედებს და 3500-ზე მეტი სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი არის დაცული, რაც მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდასაც უწყობს ხელს. გეოგრაფიული აღნიშვნების მქონე პროდუქციის ღირებულება საშუალოდ 2.5-ჯერ აღემატება სხვა ანალოგიური პროდუქტების ფასს ბაზარზე. რაც შეეხება ქართულ რეალობას, საქართველოს ამ თვალსაზრისით საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და ფაქტობრივად, ყველა რეგიონს აქვს შესაძლებლობა აწარმოოს გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქცია, რომლის დიდი ნაწილიც ქართული ექსპორტის ძირითად საგანს წარმოადგენს.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო „საქპატენტთან“ ერთად ინტენსიურად მუშაობს ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში, რაც ამავდროულად უმნიშვნელოვანესი ნაწილია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესისთვის. ამ მხრივ, კვლევითი ცენტრის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი ხელს შეუწყობს მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებას და გაყიდვას, რაც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის ამ სექტორის განვითარებასთან.
მსგავსი ტიპის საერთაშორისო კონფერენციები გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის გარდა, მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და მაღალკვალიფიციური ექსპერტების მონაწილეობით ამ თემატიკით დაინტერესებული პირების სწავლებას, მათ გადამზადებასა და ევროპული ღირებულებების გავრცელებას.