facebook
youtube
mail

სიახლეები

30.10.2015

საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების სპეციალისტების მეორე რეგიონალური კონფერენცია სოფიაში

 გაეროს განვითარების პროგრამის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული განათლების გადამზადების, საკონსულტაციო მომსახურების სისტემების მოდერნიზაცია“ ფარგლებში, ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში ჩატარდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების მეორე რეგიონალური კონფერენცია თემაზე „საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების სპეციალისტების ტრენინგი და ძირითადი კომპეტენციები - სარგებელი ფერმერებს“. 
  საქართველოს მხრიდან კონფერენციას  ესწრებოდნენ: სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი შალვა კერესელიძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საზოგადოებასთან, რეგიონებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი აკაკი მამალაძე და საქართველოში გაეროს განვითრების პროგრამის სოფლის მეურნეობისა და ექსტენციის სპეციალისტი თამარ სანიკიძე.
შეხვედრა მოხსენებით გახსნა ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დესისლავა ტანევამ და 2014-2020 წლების რეგიონალური განვითარების პროგრამის მიმართულებებზე ისაუბრა, მან ასევე აღნიშნა, რომ ბულგარეთში ექსტენციის განვითარებისა და გაძლიერების კუთხით მომზადებული პროექტებისთვის 200 მილიონი ევროა გამოყოფილი.
კონფერენციაზე ძირითადად  განხილულ იქნა ექსტენციონისტის, როგორც ცალკეული  პროფესიის განვითარება, მოხდა საჭირო განათლების დონეების  დიფერენცირება ბაკალავრი და მასტერი ექსტენციონისტისათვის. პრეზენტაციები გააკეთეს ადგილობრივი აგრარული სასწავლებლების წარმომადგენლებმა, სადაც ისაუბრეს ექსტენციონისტი სტუდენტებისთვის საჭირო უნარებზე, ცოდნასა და მათი სერთიფიცირების აუცილებლობაზე. სოფლის მეურნეობის ნაციონალური საკონსულტაციო სერვისის წარმომადგენლებმა (NAAS) პროცესების ერთობლივი განვითარებისა და სტრუქტურული კოორდინირების საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება (http://www.naas.government.bg/en/38/40). შეხვედრის მეორე ნაწილი სოფიასთან ახლო მდებარე რეგიონში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ფერმერებმა საკონსულტაციო სერვისების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მნიშვნელობაზე და მის დადებით შედეგებზე ისაუბრეს. 
მიღებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს საქართველოში ექსტენციის დარგის სწორად განვითარებას და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ შემუშავებული ექსტენციის პროგრამის განხორციელებას.