სიახლეები
13.09.2020
ნერგის სერტიფიცირების საკითხებზე შიდა ქართლის მენერგე-ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლის მენერგე-ფერმერებს ნერგის სერტიფიცირების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარეს. მენერგეებს სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესში არსებული პროცედურები და საკანონმდებლო ბაზა დეტალურად გააცნეს. პროგრამის ფარგლებში, სანერგის მიერ დოკუმენტაციის საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად წარმოებისთვის, ცენტრის თანამშრომლების მიერ შემუშავდა სანერგეში ჩასატარებელი სამუშაოების, სარგავი მასალის მოძრაობის და ფიტოსანიტარული ჟურნალები, რომელიც ფერმერებს გადაეცათ. ჟურნალებში ფერმერებს დეტალურად მოუწევთ სანერგე მეურნეობაში მათ მიერ გაწეული ნებისმიერი სამუშაოს აღწერა.“სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უკვე მეოთხე წელია ახორციელებს საქართველოში სანერგე მეურნეობების შეფასებას, ტრენინგებს, მათ დახმარებას, რათა ფერმერებმა გაითავისონ ის მოთხოვნები და სტანდარტები, რომელიც საჭიროა ხარისხიანი მასალის შესაქმნელად. ხარისხის სისტემა, რომელიც დღეს ნებაყოფლობითია სანერგე მეურნეობებისთვის, 2024 წლისთვის სავალდებულო გახდება. ხარისხიანი პროდუქტის წარმოებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა სანერგე მეურნეობებში ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვა და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი დოკუმენტაციის წარმოებაა, რომლის საფუძველზეც საველე ინსპექტორები შეამოწმებენ და მიანიჭებენ კვალიფიკაციას,” -აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა.
USAID-ის სოფლის მეურნეობის 5 წლიანი პროგრამა 2018 წელს დაიწყო, მისი ამოცანაა დაეხმაროს სანერგეებს გაზარდონ შესაძლებლობები და დანერგონ სერტიფიცირების სისტემები. პროგრამა სანერგე მეურნეობის წარმომადგენლებისთვის ფინანსურ მხარდაჭერასაც მოიცავს, უკვე გამოცხადებულია საგრანტო კონკურსი, რომელიც საუკეთესო სანერგეებს გამოავლენს. გამარჯვებულები სანერგის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დაფინანსებას მიიღებენ.
საქართველოში სარგავი მასალების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი 2017 წლიდან მიმდინარეობს და მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახორციელებს. სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემა უზრუნველყოფს ბაზარს ხარისხიანი სანერგე მასალით, ჩაანაცვლებს იმპორტირებულს, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას და ექსპორტს და დაიცავს მომხმარებელს არაკეთილსინდისიერი მწარმოებლისგან.