სიახლეები
17.03.2022
საფრანგეთში, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის გაძლიერების საკითხებზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა, შეხვედრები გამართეს
ვაზის გენეტიკრი რესურების მოძიების, შესწავლის, გაცვლის, კლიმატური ცვლილებების რეაგირების, მცენარეთა გენეტიკური ბანკის მოწყობის ორგანიზების საკითხებზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს ვენახების კადასტრის სამმართველოს უფროსმა, დავით მაღრაძემ შეხვედრა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს ეროვნული ინსტიტუტის (INRAE) ოქსიტანია-მონპელიეს პრეზიდენტთან, სილვენ ლაბესთან გამართეს. ქართული მხარე INRAE-ს ვაზის გენეტიკური რესურსების კოლექციაშიც იმყოფებოდა, სადაც ვაზის გენეტიკური რესურსების დაცვის, გამრავლებისა და შესწავლის მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ვაზის გენეტიკური რესურსების კოლექციის დირექტორთან, სესილი მარშალთან მხარეებმა ჯიღაურას კოლექციაში დაცული ჯიშების მენეჯმენტისთვის მონაცემთა ბაზის შექმნის, ტექნიკური პერსონალის გაცვლის, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების და კვლევების ორგანიზების და განხორციელების, კოლექციებს შორის გენოფონდის გაცვლის საკითხები განიხილეს. პრიორიტეტულ მიმართულებებად ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება მოლეკულური გენეტიკის, მცენარეთა ეკოფიზიოლოგიის, ქსოვილის კულტურის, მცენარეთა გენეტიკური ბანკის და სხვ მიმართულებებით განისაზღვრა. ვასალის კოლექცია, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში, რომელიც ფლობს Vitis-ის გვარის დიდ გენოფონდს - ველურ სახეობებს, ვაზის ჯიშებსა და საძირეებს.სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართული მხარე, საფრანგეთის ვაზისა და ღვინის (IFV) ხმელთაშუა ზღვისპირეთისა და ტროპიკულ მცენარეთა გენეტიკური გაუმჯობესებისა და ადაპტაციის (AGAP) და აგრო მონპელიეს ინსტიტუტებში იმყოფებოდა. IFV-ში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება საწყისი და საბაზისო სარგავი მასალის შექმნის მიმართულებით განხორციელებულ კვლევებს, კლონურ სელექციის მიღწევებს, ჰიბრიდიზაციის საშუალებებით განხორციელებულ ახალი ჯიშების გამოყვანას დაეთმო. აგრო მონპელიეს უნივერსიტეტში, სადაც ქართველი ახალგაზრდებიც სწავლობენ, დავით მაღრაძემ საქართველოს მევენახობა-მეღვინეობასა და ქართული ვაზის სფეროში განხორციელებული სამეცნიერო კვლევების შესახებ ლექცია წაიკითხა.
ფრანგ მეცნიერთა ჯგუფი, საპასუხო ვიზიტით, საქართველოს მიმდინარე წლის მაისში ესტუმრება.