facebook
youtube
mail

სიახლეები

28.12.2016

ხორბლის მოვლა-მოყვანის და სერტიფიცირების საკითხებზე დედოფლისწყაროში ფერმერებისთვის ტრეინინგი ჩატარდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა სოფლის მეურნეობის სამცენიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, ნოდარ ხატიაშვილთან, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან, გიორგი მიშელაძესთან და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებთან ერთად დედოფლისწყაროში ფერმერებისთვის ტრეინინგი ჩაატარა. ტრეინინგს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები და ხორბლის კულტურის წარმოებაში ჩართული საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ფერმერები ესწრებოდნენ.

გამომდინარე იქიდან, რომ მომავალ წელს ხორბლის კულტურაზე სავალდებულო სერტიფიცირების სისტემა შემოდის, მნიშვნელოვანია მეწარმეები და ფერმერები სერტიფიცირების სისტემის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფლობდნენ. შესაბამისად, ტრეინინგის თემა მარცვლეული კულტურების, ძირითადად ხორბლის კულტურის მოვლა-მოყვანა-შენახვის, ნიადაგის დამუშავების ტექნოლოგიები და სავალდებულო სერტიფიცირების საკითხები იყო. ტრეინინგის მონაწილეებმა სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინეს ინფორმაცია როგორც სერტიფიცირების მნიშვნელობაზე, ასევე საერთაშორისო სტანდარტებზე და ფალსიფიცირებული თესლისგან თავის აცილების მექნიზმებზე.

„შეხვედრაზე ვისმჯელეთ, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მთელი აგროტექნოლოგიური ციკლი, დაწყებული მიწის ანალიზით, მოხვნით, სასუქების შეტანით, მცენარეთა დაცვის და მღრღნელებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარებით და მოსავლის აღებით დასრულებული, ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ მეტი ცოდნა აგროტექნოლოგიური ციკლის შესახებ, ფლობდნენ ინფორმაციას ახალ ტექნოლოგიებსა და ტექნოლოგიურ პროცესებზე. მოვისმინეთ მათი პრობლემები და გამოწვევები, გავეცანით მათ საჭიროებებს და ვეცდებით, აქტიური კომუნიკაციით და სპეციალისტების დახმარებით ყველა გამოწვევა დავძლიოთ“,- აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა.

ტრეინინგის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებისგან ფერმერებმა მიიღეს რჩევები, ასევე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ხორბლის მოყვანის ტექნოლოგიებზე მომზადებული საინფორმაციო მასალა.

ტრეინინგზე მეხორბლეობის კოოპერატივების შესაძლო შექმნის საკითხებიც განიხილეს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ ფერმერებს გაერთიანება და კოოპერატივების შექმნა ურჩია, რაც მათ პრობლემების ერთიანი ძალით გადაჭრის და შემოსავლების ზრდის საშუალებას მისცემს.