სიახლეები
31.03.2017
საქართველოში სარგავი მასალების ნებაყოფლობითი სერტიფიცირება იწყება

„სერტიფიცირებული სარგავი მასალა არის ნერგის ხარისხობრივი მაჩვენებლების, პროდუქტიულობისა და სოცოცხლისუნარიანობის გარანტი. სერტიფიცირება არის პროცედურათა თანმიმდევრობა, რომელიც უნდა ჩატარდეს თითოეულ სანერგეში, თუმცა, აღნიშნული პროცესი ნებაყოფლობითია. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სერტიფიცირებულ სანერგეებს მიენიჭებათ პრიორიტეტი, რადგან ისინი დიდწილად მოქცეულნი იქნებიან სტანდარტებში, მომხმარებელი კი უპირატესობას ყოველთვის ხარისხიან ნერგს ანიჭებს“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.
იმისათვის, რომ სანერგე მეურნეობა სერტიფიცირების პროცესში ჩაერთოს, აუცილებელია, მოიპოვოს კვალიფიციური სანერგის სტატუსი. სანერგის კვალიფიციურობის დადგენისას, შემფასებელი კომისია, სანერგეებისადმი წაყენებული მოთხოვნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით იხელმძღვანელებს.
კვალიფიციურობის დადგენის შემდეგ, სანერგე შეძლებს სერტიფიცირების პროცესში ჩართვას. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურში გაკეთებული განაცხადის საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის სპეციალისტების მიერ ჩატარებული საველე ინსპექტირებისა და ლაბორატორიული ანალიზების (ვირუსები, ნიადაგი) შედეგებზე დაყრდნობით, სარგავი მასალის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ”, რომელიც მისაღებად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა.
აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას, ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველყოფას და არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების რეგისტრაციასთან, თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, სერტიფიცირებასთან, შენახვასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ საკითხებს.