სიახლეები
21.04.2015
ორი ახალი საკოლექციო ნარგაობა ჯიღაურაში
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალის წარმოების დეპარტამენტში დაწყებულია კვლევების კიდევ ორი ახალი მიმართულება, ეს არის: მეტყევეობა და მეთუთეობა.მეტყევეობის განვითარების ფარგლებში ჯიღაურას ბაზაზე გამოიყო ნაკვეთი, სადაც შენდება ტყის მცენარეების საკოლექციო ნარგაობა. კოლექცია შედგება თემატურად დაყოფილი ოთხი სექციისაგან: საქართველოში ტყის შემქმნელი ძირითადი სახეობები, გენეტიკურად მნიშვნელოვანი წითელი ნუსხის სახეობები, ხეხილის ველური წინაპრები და ქარსაფარ ზოლებში გამოსაყენებელი სახეობები.
წლების შემდეგ აქ ტყე იქნება და კიდევ ერთი საინტერესო ადგილი შეემატება ამ რეგიონს - აღნიშნავს ქალბატონი ნანა გოგინაშვილი, რომელიც ამ კოლექციის დაგეგმვასა და გაშენებას ხელმძღვანელობს. დაგეგმილია კოლექციის შემდეგი გაფართოება, როგორც საქართველოს ტყეებში გავრცელებული სახეობებით, ასევე ქარსაფარ ზოლებში გამოსაყენებელი ადგილობრივი და ინტროდუცირებული სახეობებით.
მეთუთეობის მიმართულებით გაშენდა საკოლექციო ნაკვეთი, სადაც დაირგა ქართლის ზონაში აღზრდილი 400-მდე ჰიბრიდული ფორმა და პოლონეთიდან შემოტანილი სამი ჰიბრიდული ჯიში და სამასი ძირი თესლნერგი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს საჩუქრად გადასცა „ქართული აბრეშუმის კორპორაციის“ ხელმძღვანელმა ჯიმი ჩხაიძემ.
მომავალში იგეგმება ნერგების შემოტანა ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდან და შუა აზიიდან, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ცენტრს თუთის კოლექციის მოწყობაში. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენას და დარგის პოპულარიზაციას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მეაბრეშუმეობას თხუთმეტ საუკუნოვანი ისტორია აქვს და იგი ფართოდ იყო გავრცელებული, როგორც დასავლეთ ისე, აღმოსავლეთ საქართველოში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აბრეშუმის პარკი, გრენა, ქსოვილი და სხვა ნაწარმი უნიკალურ საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენს.